სიახლეები:

იუსტიციის სამინისტრო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დანაშაულის პრევენციის პროგრამებში ჩართვას სთავაზობს

05 დეკ 2013

5 დეკემბერს სასტუმრო „რედისონში" კონფერენცია გაიმართა, რომელიც სსიპ „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის" პროექტების პრეზენტაციას მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე; ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი საქართველოში სტივენ სტორკი,იუნისეფის" წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, ქვეყანაში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების, აგრეთვე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

გაწეული საქმიანობის ანგარიში „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციების ცენტრის" ხელმძღვანელმა ჯონი კვინიკაძემ წარადგინა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი" 2012 წლის სექტემბერში შეიქმნა და მისი მთავარი მისიაა საქართველოში დანაშაულის პრევენცია და ამ მიზნით დანაშაულის პრევენციათან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, რისკ ჯგუფებთან მუშაობა და დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა. ამ მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ცენტრი რამდენიმე პროგრამას ახორციელებს: ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, განრიდებისა და მედიაციის, ლიდერთა სახლის პროგრამები.

კონფერენციის მონაწილეებს დანაშაულის პრევენციის საერთაშორისო გამოცდილება უცხოელმა ექსპერტებმა გაუზიარეს.

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის" ადგილობრივ მმართველობებთან და თვითმმართველობებთან თანამშრომლობის ინიციატივის განხილვას. ინიციატივის ამოცანაა, მუნიციპალიტეტების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროექტებში. მომავალი წლიდან იგეგმება დანაშაულის პრევენციის ცენტრის ფილიალების გახსნა რეგიონებში, ამ კუთხით კი მუნიციპალიტეტების მხრიდან პრევენციის პროგრამების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.