სიახლეები:

დანაშაულის პრევენციის ცენტრის სამართლის საზაფხულო სკოლა დასრულდა

09 სექ 2016

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" პირველი საზაფხულო სკოლა დასრულდა. დახურვის საზეიმო ცერემონია იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 14-18 წლის 26 მოსწავლეს პროექტის დასრულების შესახებ სერტიფიკატი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორმა ირაკლი ხელაძემ გადასცა.
პროექტის მიზანი მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება იყო. დახურვის ღონისძიებაზე სკოლის მონაწილეებმა საკუთარი შთაბეჭდილებები პრეზენტაციების სახით წარადგინეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პროფესიული არჩევანისთვის, ისე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებისთვის.
სამართლის საზაფხულო სკოლა ყვარლის სასწავლო ცენტრში 5 სექტემბერს გაიხსნა. პროექტის მონაწილეებისთვის საჯარო ლექციები ჩაატარეს მწერალმა და პროზაიკოსმა გიორგი კეკელიძემ, ფოტორეპორტიორმა გოგა ჩანადირმა, პოეტმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ. პროექტის მონაწილეებმა დარგის სპეციალისტებისგან მოისმინეს სამართლებრივი ლექცია/სემინარები, ტრენინგები არაფორმალური განათლების მიმართულებით; ჩატარდა გუნდური თამაშები, სახალისო სავარჯიშოები, ფილმების ჩვენება.  
საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარდათ შემდეგ თემატიკაზე: სამართლის არსი და ძირითადი მიმართულებები;  საქართველოს კონსტიტუცია და დემოკრატია; ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;  ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი; სამოქალაქო სამართალი;  სისხლის სამართალი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; დანაშაულის პრევენცია.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამები 16 ქალაქში ხორციელდება, რომელთა მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და  მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.