სიახლეები:

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამები ონის იუსტიციის სახლში დაიწყო

01 ნოე 2016

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" ახალგაზრდული პროგრამები ონის იუსტიციის სახლშიც დაიწყო.  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" წარმომადგენლებმა, ორი დღის განმავლობაში,  ადგილობრივი 4 სკოლის 40 მოსწავლეს  ახალგაზრდული პროგრამები გააცნეს და სამომავლო გეგმები დასახეს.  შეხვედრას მოსწავლეების გარდა სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადასხვა აქტივობების საშუალებით პირადად ჩართულიყვნენ პრეზენტაციის პროცესში. პირველი ტრენინგი კი მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას დაეთმო. ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის, „სამართლის საზაფხულო სკოლის" მონაწილე ნიკოლოზ გამხარაშვილი დაესწრო, რომელმაც თანატოლებს ცენტრის მუშაობისა და პროექტების შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გააცნო.
ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებს, ამიერიდან, შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ სამართლებრივი ლექცია/სემინარები, ტრენინგები არაფორმალური განათლების მიმართულებით, დაესწრონ საჯარო ლექციებს.  თეორიული მასალის გარდა, დაგეგმილია გუნდური თამაშები, სახალისო სავარჯიშოები, ფილმის ჩვენება-დისკუსია და სხვა.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამები უკვე 17 ქალაქის იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს. მათი მიზანია 14-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და  მოხალისეობრივი კულტურის განვითარება და სხვა.