სიახლეები:

პროგრამა „მოხალისე“ 18 ქალაქში განახლდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" ახალგაზრდული პროგრამა „მოხალისე" განაახლა. პროგრამა იუსტიციის სახლთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით, 18 ქალაქში განხორციელდება და მასში 14-21 წლის ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას. მისი მიზანი ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობაა. პროგრამა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გარკვეული ტრენინგკურსის გავლის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოქალაქეების მიღებაში საჭიროების მიხედვით დაეხმარონ. ინტენსიური ტრენინგები და პრაქტიკული საქმიანობები პროგრამის მონაწილე მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამ კურსის გავლის შემდეგ მოხალისეები უფრო მომზადებულნი ჩაერთვებიან იუსტიციის სახლში მოქალაქეების მიღების პროცესში. პროგრამა „მოხალისე" განახლდა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, ახალციხის, მარნეულის, ყვარლის, ბათუმის, რუსთავის, ქუთაისის,  თელავის, გურჯაანის, ოზურგეთის, გორის, ფოთის, თიანეთის, ბორჯომის, ლაგოდეხისა და ონის იუსტიციის სახლებში. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ–ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის წახალისება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.