სიახლეები:

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერის მიზნით იმერეთში სამდღიანი ტრენინგი დასრულდა

17 მარ 2017

არასრულწლოვანთა თემაზე იმერეთის რეგიონში მომუშავე პროკურორებისთვის, მოსამართლეებისთვის, სოციალური მუშაკებისა და მედიატორებისთვის სამდღიანი ტრენინგი/სამუშაო შეხვედრები დასრულდა.  პროექტის სახელწოდებაა - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის ხელშეწყობა განრიდების პროგრამების გაძლიერების გზით".
პროექტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" და გაეროს ბავშვთა ფონდი  (UNICEF), ევროკავშირის დაფინანსებითა და ურთიერთანამშრომლობით ახორციელებენ.
პროექტის მიზანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის ხელშეწყობა განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გაძლიერების მიზნით. სამდღიან შეხვედრებში 15 პროკურორი, 10 სოციალური მუშაკი, მედიატორი და 6 მოსამართლე მონაწილეობდნენ. სამუშაო შეხვედრას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის", მთავარი პროკურატურისა  და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები უძღვებოდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ სხვა პრაქტიკოსი სპეციალისტები და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომლები.
ტრენინგების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს სიღრმისეული ცოდნა აღდგენითი მართლმსაჯულების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების, განრიდების მექანიზმის, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის და ინდივიდუალური მიდგომის შესახებ; იმსჯელეს ადგილობრივ დონეზე არსებულ სირთულეებსა და მათი გადაჭრის გზებზე. პროექტის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ დონზე საკოორდინაციო მექანიზმის გაძლიერებას და პროფესიონალებს შორის გუნდური მუშაობის უნარების გამყარებას.
განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 21 წელს მიუღწეველი პირისთვის  წარმოადგენს ერთ შანსს, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე და დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება, გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ. პროგრამა ეფექტური საშუალებაა მართლშეგნების ხელშეწყობის, პირის რესოციალიზაციისა და დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინების თვალსაზრისით. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენით მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს. პროგრამა მიმართულია ქვეყანაში დანაშაულის პრევენციაზე.
ცნობისათვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2016 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, რის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა განრიდების მექანიზმშიც. პროგრამა დაუახლოვდა აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს; გაიზარდა მედიატორის როლი; განრიდება გავრცელდა 18-დან 21 წლამდე დანაშაულის ჩამდენ ახალგაზრდებზეც; განრიდების შესაძლებლობა მიეცა მოსამართლესაც და სხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვნად გაიზარდა განრიდებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა.  2016 წელს განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამით, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას 21 წელს მიუღწეველი 784 პირი განერიდა. ამათგან,  462 არასრულწლოვანია, ხოლო - 322 სრულწლოვანი. შარშან მედიაცია 287 პირის მიმართ გამოიყენეს და  222 მედიაციის კონფერენცია შედგა. 2016 წელს, წინა წლებთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა მედიაციის კონფერენციების რაოდენობა.