სიახლეები:

„ანტრე“ მრავალფეროვანი ასორტიმენტით 40 ბენეფიციარს მედიაციის სახლში გაუმასპინძლდა

20 მარ 2017

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" და „ანტრე 2008"-მ, მედიაციის სახლის ბენეფიციარების დასახმარებლად ერთობლივი პროექტი დაიწყო. მისი მიზანია დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბაზაზე არსებული მედიაციის სახლის ბენეფიციარების, მათ შორის, არასრულწლოვანი გოგონებისა და ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა.
შპს „ანტრემ" მედიაციის სახლში პირველი პროდუქცია უკვე მიიტანა და მრავალფეროვანი ასორტიმენტით 40 ბენეფიციარს გაუმასპინძლდა.  შიდა სტანდარტის მიხედვით, კომპანიას ყოველდღიურად აქვს რესურსი, რომ თავისი მაღალი ხარისხის მზა პროდუქცია, გარკვეული პირობების დაცვით, მედიაციის სახლის ბენეფიციარებს მიაწოდოს. შპს „ანტრე 2008" მედიაციის სახლში, არასრულწლოვან ბენეფიციარებს ყოველკვირეულად უმასპინძლებს.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა" და შპს „ანტრე 2008"-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 13 მარტს გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ანტუან ბარდონი და კომპანია „ანტრეს" პარტნიორი ჟან-მიშელ შარლი დაესწრნენ.
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მედიაციის სახლში 2014 წელს დაფუძნდა „დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველო", რომლის ფუნქციად რისკის ქვეშ მყოფი, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება განისაზღვრა. შარშან მედიაციის სახლი 415 არასრულწლოვანს (225 გოგონა, 190 ვაჟი) მოემსახურა, რომელთაგან 89 მიუსაფარი ბავშვი იყო; ასევე, სერვისი მიიღო 28 მშობელმა და განათლების სისტემაში დასაქმებულმა ბავშვებთან მომუშავე 282-მა პროფესიონალმა.
მედიაციის სახლში არასრულწლოვნებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა. ცენტრი არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს.