სიახლეები:

დანაშაულის პრევენციის ცენტრის რჩეული სოფელ შინდისის სკოლა გახდა

02 ივნ 2017

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი რესპუბლიკის" გამარჯვებულები სასტუმრო ჰუალინგში გამართულ ინტერექტულურ თამაშზე გამოვლინდნენ. პირველი საპრიზო ადგილი რუსთავის #4 სკოლამ, მეორე ადგილი თბილისის #166 სკოლამ, მესამე კი - რუსთავის #5 სკოლამ დაიკავა.
გამარჯვებულებს მედლები და ფასიანი საჩუქრები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ გადასცა. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" რჩეული სოფელ შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი გახდა. ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ შინდისელ მოსწავლეებს წიგნის შესაძენი, 50-ლარიანი სასაჩუქრე ბარათები და ცენტრის ბრენდირებული გამოცემები გადასცა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა კი 203-ე სკოლა დაასაჩუქრა.
პროექტში თბილისის, რუსთავის, მცხეთის, დუშეთის, კასპისა და გორის რაიონების 70-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლა იყო ჩართული, ფინალში კი 63 სკოლის გუნდი მონაწილეობდა.
6 მოსწავლისაგან შემდგარი გუნდები ინტელექტუალურ თამაშში შეეჯიბრნენ. დასმული იყო სხვადასხვა სირთულის 30 კითხვა. გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი, საისტორიო არქივის დირექტორი ანტონ ვაჭარაძე და ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე. ინტელექტუალურ თამაშს გიორგი მოსიძე უძღვებოდა.
საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.