სიახლეები:

ელექტრონული საგრანტო კონკურსები როგორც კორუფციის პრევენციის ინსტრუმენტი − იუსტიციის სამინისტროს ახალი ინიციატივა

15 ივნ 2017

ღია და გამჭვირვალე საგრანტო პროცესი კონკურსის გამოცხადებიდან შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩათვლით; თვალის მიდევნების შესაძლებლობა კონკურსის მიმდინარეობის, შეფასებების, გამარჯვებულის გამოვლენის, ხელშეკრულების გაფორმებისა და შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგებისათვის − იუსტიციის  სამინისტრო საგრანტო კონკურსის მონაწილეებს და დაინტერესებულ მხარეებს კონკურსის ელექტრონულ საქმისწარმოებას სთავაზობს.  
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, რომელიც ამავდროულად ანტიკორუფციულ უწყებათაშორის საბჭოს ხელმძღვანელობს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ოფიციალურ პორტალზე (tenders.procurement.gov.ge) ახალი, საგრანტო კონკურსების ფუნქციონალი შექმნა. ეს ინიციატივა საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაში 2015 წლიდან აისახა.
 
შესაბამისად, როგორც ტენდერი, საგრანტო კონკურსიც ამიერიდან შესაძლებელი იქნება ამ ვებგვერდის მეშვეობით გამოცხადდეს, რაც ჩაანაცვლებს აქამდე არსებულ ქაღალდების მიმოქცევას. ელექტრონული სისტემა კონკურსის ყველა ეტაპს გაცილებით ღიას და გამჭვირვალეს ხდის და მნიშვნელოვნად  ამარტივებს მხარეებს შორის კომუნიკაციას.
 
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გაეცნონ საიტზე გამოქვეყნებულ საგრანტო დოკუმენტაციას, ელექტრონულად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში,  აკონტროლონ მისი მიმდინარეობა, ელექტრონულად დასვან კითხვები და მიიღონ პასუხი, ატვირთონ და ჩამოტვირთონ დოკუმენტები, შეიტანონ ცვლილებები მათში, ელექტრონულად ადევნონ თვალი კონკურსის შედეგებს და, გამარჯვების შემთხვევაში, გააფორმონ ხელშეკრულება რომელიც აიტვირთება ელექტრონულ სისტემაში, და სხვ.
 
კონკურსის მონაწილეები და კონკურსის მიმდინარეობით დაინტერესებული პირები შეძლებენ, თვალი მიადევნონ საგრანტო საბჭოს ოქმებს, საბჭოს წევრების მიერ მინიჭებულ ქულებს და გამარჯვებულთან დადებულ ხელშეკრულებას. საიტზე საჯაროდ აიტვირთება მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები საგრანტო თანხის ათვისების და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პროგრესის შესახებ. ღია და ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია უკვე დასრულებული კონკურსების შესახებ. ელექტრონული სისტემა ამარტივებს ანგარიშგების ფორმასაც − კონკურსის გამარჯვებული პროგრამის დასრულების შემდეგ ელექტრონულად ატვირთავს როგორც პროგრამულ, ისე ფინანსურ ანგარიშს.
ნებისმიერ საჯარო, თუ კერძო თუ საერთაშორისო ორგანიზაციას შეუძლია საგრანტო კონკურსის ელექტრონულად გამოცხადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით.
 
პირველი ელექტრონული საგრანტო კონკურსი უკვე გამოცხადდა. ახალი სისტემით პირველად იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ისარგებლა და ტრადიცული საგრანტო კონკურსი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ხელშეწყობის მიზნით ახლა უკვე ელექტრონულად გამოაცხადა. საგრანტო პროექტი „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა" 160 ათასი ლარით დაფინანსდება.
 
„ქაღალდებითა და დალუქული კონვერტებით ჩატარებული საგრანტო კონკურსები გაუმჭვირვალობის განცდას აჩენდა და აჩენს. ამიტომაც შევქმენით ელექტრონული მოდული და მაქვს იმედი, რომ ამ სისტემით აქტიურად ისარგებლებენ როგორც საჯარო დაწესებულებები ისე დონორი ორგანიზაციები" - განაცხადა თეა წულუკიანმა.