სიახლეები:

დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ საზეიმო გახსნას დაესწრო

16 ივლ 2017

„მომავლის ბანაკს" პირველ ნაკადზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეული 14-18 წლის 288 მონაწილე ესტუმრა. ბანაკის ოფიციალურ გახსნას საქარტველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი თათია ხოჭოლავა,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ანაკლიის „მომავლის ბანაკი" წელს 2304 მოზარდს უმასპინძლებს.
სტუმრებმა ბანაკის ტერიტორია დაათვალიერეს და მოზარდებს გაესაუბრნენ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლიდერებსა და მონაწილეებს წარმატებები და ბანაკში საინტერესო დღეების გატარება უსურვა. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ მოზარდებს სიტყვით მიმართა და ანაკლიის „მომავლის ბანაკი" გახსნილად გამოაცხადა. ბანაკის ლიდერები და მონაწილეები მოწვეული სტუმრების წინაშე ფლეშმობითა და მუსიკალური ნომრებით წარდგნენ. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით, სახელმწიფო დროშის აღმართვითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ბანაკში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" 50 ბენეფიციარი დაისვენებს.
პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.