სიახლეები:

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა

07 აგვ 2017

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" აქტიური ჩართულობით, ქვეყნის მასშტაბით, 12 საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა ტრენინგები თემაზე - "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია".
კვირეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრთან და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან  მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.
კვირეულის მიზანი იყო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის საკითხებზე.
ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) როგორც  დანაშაულის ძირეულ საკითხებზე, თუ რა არის ტრეფიკინგი, რა სამართლებრივი თუ ინსტიტუციური მექანიზმებით ებრძვის სახელმწიფო ამ დანაშაულს, როგორ უნდა დაიცვან თავი შრომითი თუ სექსუალური ექსპლუატაციისგან, ვის უნდა მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის. ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა იმართება, რომელიც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ორგანიზებულია.
კვირეული ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 30 ივლისს დაიწყო.