სიახლეები:

სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო კონფერენცია

23 სექ 2017

„სახელმწიფოს მხრიდან სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის მექანიზმები" - ამ თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრნენ.
კონფერენციის მიზანი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინება და საქართველოში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა იყო. კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა სოციალური მეწარმეობის დარგის განვითარების მნიშვნელობა და პოპულარიზაციის აუცილებლობა.
აღსანიშნავია, რომ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის დაფინანსებით 2015 წელს, თბილისის იუსტიციის სახლში სოციალური საწარმო - კაფეტერია გაიხსნა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს. საწარმოში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბენეფიციარები - ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები დასაქმდნენ.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად.
აღნიშნული კონფერენცია გაიმართა პროექტის „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC) და საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB). პროექტი დაფინანებულია ევროკავშირის მიერ.
„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. პროგრამის მიზანია ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის ხელშეწყობა, საზოგადოების დაცვა განმეორებითი დანაშაულისგან. სოციალური საწარმოს შექმნაც ბენეფიციარების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გადაწყდა.