სიახლეები:

პროექტი - „არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა“ დაიწყო

06 ოქტ 2017

„არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა" - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" თბილისის რამდენიმე სკოლასთან ერთად დაიწყო. ლადო ასათიანის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული პროექტი საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით ჩატარდება. შეიქმნება ახალგაზრდების მიერ რჩეული, ლადო ასათიანის ლექსების ინგლისურენოვანი ბეჭდური და ხმოვანი კრებული. ლექსების ბწკარედულ თარგმანზე (პირველადი ვერსია) მოსწავლეები იმუშავებენ. თითოეული სკოლა, მთარგმნელ-რედაქტორის ჩართულობით, ლადო ასათიანის სასურველ ლექსს თარგმნის. პროექტით განსაზღვრულ აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი მაღალია: ახალგაზრდები, საწყის ეტაპზე, თარგმნიან ლექსებს ინგლისურ ენაზე, ხოლო შემდეგ ჩაწერენ და შექმნიან ამ ლექსების ხმოვან ვერსიებსაც.
პროექტში მონაწილეობენ შემდეგი სკოლის გუნდები:
•    ქართულ-ამერიკული სკოლა
•    სკოლა „ქორალი"
•    წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა
•    ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე
•    ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა
•    ბრიტანულ-ქართული აკადემია
სკოლებიდან უკვე შეირჩნენ მოსწავლეები მოტივაციის, ინგლისური ენის ცოდნისა და ლიტერატურისადმი/პოეზიისადმი ინტერესის გათვალისწინებით.  გუნდებთან პირველი შეხვედრა იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა, რომელსაც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო. პროექტის მონაწილეებთან მთარგმნელი და რედაქტორი დალილა გოგია იმუშავებს. საქართველოს ეროვნული არქივის ტექნიკური მხარდაჭერით მონაწილე ახალგაზრდები ჩაწერენ თარგმნილი ლექსების ხმოვან ვერსიებს, საბოლოოდ კი დამზადდება კრებული დისკის სახითაც.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი კულტურის წახალისება და სამართლებრივი/სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.