სიახლეები:

იმიტირებული სასამართლო პროცესის კვირეული დაიწყო

20 ოქტ 2017

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად დაიწყო პროექტი - „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის".
პროექტის მიზანი ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლწესრიგის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაა. კონკურსში მონაწილე ჯგუფები სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" შეარჩია. მოსწავლეების  თეორიული და პრაქტიკული მომზადების პროცესი საქართველოს მთავარ პროკურატურაში ეტაპობრივად მიმდინარეობს.
პირველ ეტაპზე სკოლის მოსწავლეებს საქართველოს მთავარი პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს პროკურორები შეხვდნენ და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, სასამართლო პროცესების სპეციფიკა და ბრალდების მხარის როლი გააცნეს.  ასევე დეტალურად განიხილეს შესავალი და დასკვნითი სიტყვა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა.
პროექტის მეორე ეტაპზე, პროექტში მონაწილე 16 ჯგუფს პროკურორები ინდივიდუალურად შეხვდებიან და მოსწავლეებს პრაქტიკული კაზუსის მომზადებაში დაეხმარებიან.
მესამე ეტაპზე კი 8 იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება და ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე თითოეულ პროცესზე გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, ხოლო პროექტის გამარჯვებულ გუნდს და საუკეთესო ინდივიდუალურ მონაწილეს -  ჟიური გამოავლენს.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ-ერთი მთავარი მიზანია სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამართლის დარგით, მათში ადვოკატირების უნარ-ჩვევების გამომუშავება, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. აღნიშნული მიმართულებით მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.