სიახლეები:

ახალგაზრდული პროგრამის ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი დასრულდა

30 ოქტ 2017

„ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბების" (SKYE პროგრამა) ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი დასრულდა. პროგრამას  იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" World Vision საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად ახორციელებს. მისი მიზანია ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სხვა. ტრენინგები მედიაციის სახლში მიმდინარეობდა. 14 ლიდერს შესაბამისი სერტიფიკატი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორმა თათია ხოჭოლავამ გადასცა. პროგრამა პილოტურ რეჟიმში თბილისში, რუსთავში, ლაგოდეხში, გორში, რუსთავსა და ბათუმში ჩატარდება.
ლიდერები შინაარსობრივი ტრენინგების გარდა გაეცნენ იმ მიდგომებსა და ღირებულებებს, რომლებზეც აგებულია ევროპაში  აღნიშნული ახალგაზრდული კლუბები. ლიდერთა გადასამზადებელი სასწავლო მოდული შემუშავდა რუმინეთის New Horizons Foundation - ის ტრენერების მიერ. ასევე, ლიდერებს ჩაუტარდათ ტრენინგები ბულინგის, კონფლიქტის მართვისა და ახალგაზრდებთან მუშაობის სპეციფიკის შესახებ, რომლებიც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდულ საქმიანობას შეესაბამება. SKYE პროგრამა აგებულია მოხალისეობრივ საწყისებზე.
SKYE კლუბები ოთხი ძირითადი სასწავლო მიმართულებით იმუშავებს: აქტიური მოქალაქეობა, ლიდერობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, სოციალური მეწარმეობა. პროგრამა სწავლების ეტაპზე ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს. ახალგაზრდებს ლიდერების ხელმძღვანელობით მცირე დაფინანსების ფარგლებში შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტი. პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები სრულად უზრუნველყოფენ. აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა მსოფლიოს 21 ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს.