სიახლეები:

აღდგენითი მართლმსაჯულების დღეები სამუშაო შეხვედრით დასრულდა

03 ნოე 2017

აღდგენითი მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის მედიაციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში - ამ თემაზე აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამებში ჩართულმა პროფესიონალებმა სასტუმრო „რუმსში" სამუშაო შეხვედრა გამართეს. მთავარი განსახილველი თემები სისხლის სამართლის მედიაციის განვითარებას, კონკრეტული მექანიზმების განხილვასა და იმ სფეროებზე მსჯელობას დაეთმო, სადაც შესაძლებელია გავრცელდეს სისხლის სამართლის მედიაცია საქართველოში. შეხვედრა აღდგენითი მართლმსაჯულების დღეების ფარგლებში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო.
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში იგეგმება მედიაციის გამოყენების არეალის გაფართოება, მისი ამოქმედება შესაძლებელი იქნება სასჯელის პარალელურად; ასევე, პატიმრობის შემდგომ როგორც დამნაშავის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, ისე დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინების საშუალებად.
სამუშაო შეხვედრაში მედიატორები, სასამართლოსა და პროკურატურის წარმომადგენლები, ასევე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარე, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინტერი და ლუვენის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ივო ერცენი მონაწილეობდნენ. ივო ერცენი თბილისს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მოწვევით სტუმრობს. ბელგიელი ექსპერტი აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებსა და ვიქტიმოლოგიაში ევროპელი მკვლევარია.
მედიაცია, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ცენტრი აქტიურად მუშაობს მედიაციის განვითარებასა და დანერგვაზე. აღდგენითი მართლმსაჯულების დღეები საქართველოში პირველად აღინიშნა.