სიახლეები:

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი ლაგოდეხში გაიხსნა

11 იან 2018

ლიდერობა, აქტიური მოქალაქეობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, სოციალური მეწარმეობა - ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი (SKYE კლუბი) უკვე ლაგოდეხშიც გაიხსნა.
პროგრამას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" World Vision საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩა 14 - 21 წლის 24 ადგილობრივი ახალგაზრდა, რომლებიც 6 თვის განმავლობაში კლუბის საქმიანობაში ჩაერთვებიან და სწავლების კურსს  (თეორია/პრაქტიკა) ოთხი ძირითადი მიმართულებით გაივლიან. კლუბს მოხალისეობრივ საწყისებზე ლიდერები უხელმძღვანელებენ, ხოლო პროგრამა ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრში იმუშავებს.
SKYE კლუბი უკვე გახსნილია გორშიც. უახლოეს დღეებში გაიხსნება ასევე თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და თელავში. ახალგაზრდებს ლიდერების ხელმძღვანელობით მცირე დაფინანსების ფარგლებში, თემის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტი. აღსანიშნავია, რომ SKYE კლუბები მსოფლიოს 21 ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს.