სიახლეები:

თბილისში ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების უნარებისა და ცოდნის კლუბი გაიხსნა

17 იან 2018

ლაგოდეხისა და გორის შემდეგ, ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების უნარებისა და ცოდნის კლუბი (SKYE კლუბი)  უკვე თბილისშიც გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი დაესწრო. თათია ხოჭოლავა კლუბის ლიდერებსა და მონაწილეებს შეხვდა, პროგრამაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ცენტრის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა  ახალგაზრდული საქმიანობის თავისებურებებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი  სხვადასხვა პროგრამების/პროექტების სახით ახალგაზრდებს სთავაზობს.
Skye კლუბი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" World Vision საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი პროგრამაა, რომელიც პილოტურ რეჟიმში 6 ქალაქში განხორციელდება. კლუბი უახლოეს დღეებში გაიხსნება თელავში, რუსთავსა და ბათუმში. ჯამში, ექვსივე ქალაქის კლუბში მოხალისეობრივ საწყისებზე 15 ლიდერი და 130-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება.
თბილისის კლუბს 23 მონაწილე და 4 ლიდერი ჰყავს, რომლებიც 6 თვის განმავლობაში კლუბის საქმიანობაში ჩაერთვნენ. კლუბის წევრები სასწავლო კურსს (თეორია/პრაქტიკა) ოთხი ძირითადი მიმართულებით გაივლიან: ლიდერობა, აქტიური მოქალაქეობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, სოციალური მეწარმეობა. თათია ხოჭოლავამ კლუბის წევრებს საქმიანობის ფარგლებში მხარდაჭერა გამოუცხადა და ინიციატივების  აქტიურად გამოხატვისკენ მოუწოდა.
ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების უნარებისა და ცოდნის კლუბის მიზანია ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. ახალგაზრდებს ლიდერების ხელმძღვანელობით მცირე დაფინანსების ფარგლებში, თემის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტი. SKYE კლუბები მსოფლიოს 21 ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს.