სიახლეები:

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების უნარებისა და ცოდნის კლუბი თელავშიც გაიხსნა

24 იან 2018

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების უნარებისა და ცოდნის კლუბი (SKYE კლუბი)  უკვე თელავშიც გაიხსნა. გახსნის ცერემონია თელავის იუსტიციის სახლში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი დაესწრო. კლუბში 15-21 წლის 20-მდე ადგილობრივი ახალგაზრდა ჩაერთო, რომლებსაც მოხალისეობრივ საწყისებზე ორი ლიდერი უხელმძღვანელებს. ცენტრის დირექტორი თათია ხოჭოლავა კლუბის ლიდერებსა და მონაწილეებს შეხვდა, პროგრამაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი თემის საჭიროებების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდული საქმიანობის თავისებურებებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი  სხვადასხვა პროგრამების/პროექტების სახით ახალგაზრდებს სთავაზობს.
პროგრამის მიზანია ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სხვა. ახალგაზრდებს ლიდერების ხელმძღვანელობით მცირე დაფინანსების ფარგლებში, თემის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტი.
Skye კლუბი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" World Vision საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი პროგრამაა, რომელიც პილოტურ რეჟიმში 6 ქალაქში განხორციელდება. კლუბი უახლოეს დღეებში გაიხსნება რუსთავსა და ბათუმშიც. კლუბი გახსნილია თბილისში, ლაგოდეხსა და გორში. ჯამში, ექვსივე ქალაქის კლუბში მოხალისეობრივ საწყისებზე 15 ლიდერი და 130-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება.
კლუბის წევრები 6 თვის განმავლობაში სასწავლო კურსს (თეორია/პრაქტიკა) ოთხი ძირითადი მიმართულებით გაივლიან: ლიდერობა, აქტიური მოქალაქეობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, სოციალური მეწარმეობა. თათია ხოჭოლავამ კლუბის წევრებს საქმიანობის ფარგლებში მხარდაჭერა გამოუცხადა და ინიციატივების  აქტიურად გამოხატვისკენ მოუწოდა.
SKYE კლუბები მსოფლიოს 21 ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს.