სიახლეები:

ხანდაზმულთა პანსიონატში დასუფთავების აქცია მოეწყო

29 იან 2018

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში  დასუფთავების აქცია მოაწყო. მასში ქ. თბილისის 113-ე საჯარო სკოლის 20 მოსწავლე მოხალისეობრივად ჩაერთო. მოზარდებმა დაასუფთავეს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები, თაროები, დაახარისხეს წიგნები  და თითოეულმა მოხალისემ პირადი ბიბლიოთეკიდან პანსიონატს სიმბოლურად ერთი წიგნი საჩუქრად გადასცა.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ინიციატივით პროგრამა „ორი თაობა" აღნიშნულ პანსიონატში მესამე წელია მიმდინარეობს. მისი მიზანი ახალგაზრდებში უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაა. სკოლის მოსწავლეები, მოხალისეობრივ საწყისებზე, ხანდაზმულთა პანსიონატს ყოველკვირეულად სტუმრობენ და მოხუცებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებიან, უკითხავენ გაზეთებს, მონაწილეობენ ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაში.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალგაზრდებში მოხალისეობრივი საქმიანობის მხარდაჭერა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, რომ მათ შეძლონ თავისუფალი დრო უფრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარონ.