სიახლეები:

დანაშაულის პრევენციის ცენტრს ყაზახეთის დელეგაცია ესტუმრა

31 იან 2018

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია, პროექტები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისათვის, ახალგაზრდული მიმართულებები − ეს იმ თემების ნაწილია, რომლებსაც ყაზახეთის სამთავრობო დელეგაცია გაეცნო. სტუმრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს" ეწვივნენ და მედიაციის სახლი დაათვალიერეს. დელეგაციას ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანი იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკისა და კანონმდებლობის საკითხებზე საქართველოს გამოცდილების გაცნობა. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო რეაბილიტაციის სისტემებსა და მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებს.  
სტუმრები იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შექმნილი ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობითა და არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამით დაინტერესდნენ; განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე.
როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა.
დელეგაციაში ყაზახეთის გენერალური პროკურატურის, განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები შედიოდნენ. ვიზიტი ა/ო ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის" ცენტრალური აზიის ოფისის ხელშეწყობით შედგა.