სიახლეები:

„გოგონათა კლუბი“ 19-21 წლის გოგონებისთვის დაიწყო

05 თებ 2018

ახალგაზრდა გოგონებში დასაქმებისთვის საჭირო პიროვნული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება - ამ მიზნით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" 19-21 წლის გოგონებისთვის ახალი პროგრამა დაიწყო. „გოგონათა კლუბის" მონაწილეებს ცენტრის დირექტორი თათია ხოჭოლავა შეხვდა და ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. კლუბის 15 წევრს 2 თვის განმავლობაში  ინტენსიური ტრენინგები დასაქმებისთვის საჭირო პიროვნული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გასაღრმავებლად ჩაუტარდება.
შეხვედრას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს" დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის (Worknet) წარმომადგენელი დაესწრო, რომელმაც ახალგაზრდებს გააცნო სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. აღნიშნული დეპარტამენტი გოგონებთან კარიერული დაგეგმვის ნაწილშიც იმუშავებს.
ცნობისთვის, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ანალოგიურ პროგრამას 18 წლამდე გოგონებისთვისაც ახორციელებს. არასრულწლოვან გოგონებთან შეხვედრები მედიაციის სახლში იმართება, სადაც მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.