სიახლეები:

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გრძელდება

08 თებ 2018

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამოქმედო გეგმაზე მომუშავე სამთავრობო უწყებების მორიგი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი უძღვებოდა. თათია ხოჭოლავამ შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად. შეხვედრას იუსტიციის, შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, კულტურისა და სპორტის სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრნენ. უწყებებმა თავიანთი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის შესახებ რეკომენდაციებზე იმსჯელეს. არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამოქმედო გეგმის დამტკიცება უახლოეს ხანში იგეგმება.