სიახლეები:

სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის იმიტირებული სასამართლო პროცესი თელავში გაიმართა

27 თებ 2018

„იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის" - ეს არის იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და საქართველოს მთავარი პროკურატურის ერთობლივი პროექტი, რომელიც დედაქალაქის შემდეგ რეგიონებშიც გრძელდება. მორიგი პროცესი გაიმართა ქალაქ თელავში, ადგილობრივ რაიონულ სასამართლოში. მასში ქალაქ თელავის პირველი და მე-3 საჯარო სკოლების 30 მოსწავლე მონაწილეობდა. იმიტირებულ სასამართლო პროცესში ნაფიც მსაჯულებად თელავის იაკობ გოგებაშვილისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები ჩაერთვნენ.
პროექტის მიზანი ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლწესრიგის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაა. პროექტის მონაწილეების თეორიული და პრაქტიკული მომზადების პროცესი საქართველოს მთავარი პროკურატურის აქტიური ჩართულობით ეტაპობრივად მიმდინარეობდა.
დასკვნით ეტაპზე, იმიტირებულ სასამართლო პროცესზე გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო ინდივიდუალური მონაწილე - „საუკეთესო პროკურორი", „საუკეთესო ადვოკატი" ჟიურიმ დაასახელა.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ხელაძემ გამარჯვებულ გუნდს სიმბოლურად თასი, მედლები და წიგნის შესაძენი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა; ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროკურორებსა და დამხმარე პირებს, რომლებიც მოსამზადებელ ეტაპს უძღვებოდნენ, მადლობის სიგელები გადაეცათ.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ-ერთი მთავარი მიზანია სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამართლის დარგით, მათში ადვოკატირების უნარ-ჩვევების გამომუშავება, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სხვა.