სიახლეები:

ხანდაზმულთა პანსიონატში კინოჩვენება მოეწყო

28 თებ 2018

პროგრამა „ორი თაობის" ფარგლებში, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში კინოჩვენება მოეწყო. ნაჩვენები იყო თენგიზ აბულაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი". კინოჩვენებას პროგრამის მონაწილე 20 მოსწავლე და პანსიონატის 20 ბენეფიციარი დაესწრო.
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში ახორციელებს პროგრამას „ორი თაობა". მისი მიზანია 14-18 წლის ახალგაზრდების მოხალისეობრივი ჩართულობა ხანდაზმულთა დასახმარებლად. პროგრამა ხელს უწყობს  ახალგაზრდებში  უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას.  სკოლის მოსწავლეები ხანდაზმულთა თავშესაფრებს   სტუმრობენ და  მოხუცებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებიან, უკითხავენ გაზეთებს, მონაწილეობენ  ეზოს კეთილმოწყობაში და სხვა.
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის წახალისება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და შემოქმედებითი ინიციატივების განვითარების ხელშეწყობა.