სიახლეები:

ავსტრიელი ექსპერტის ვიზიტი გრძელდება

01 მარ 2018

სისხლის სამართლის მედიაციის ექსპერტ კრისტა პელიკანის ვიზიტი თბილისში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დღეს ტრენინგი მედიატორებისთვის, მოსამართლეებისთვის, პროკურორებისა და სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე სოციალური მუშაკებისთვის ჩაატარა. ტრენინგის ძირითადი თემები იყო  სრულწლოვანთა მედიაციის დამახასიათებელი სპეციფიკა და ძირითადი განსხვავებები არასრულწლოვანთა საქმეებისგან, მედიაციის სპეციფიკა ძალადობრივ დანაშაულებზე და მედიატორის განსაკუთრებული უნარ-ჩვევები მსგავსი ტიპის საქმეებზე, აღდგენითი მართლმსაჯულება დაზარალებულის პერსპექტივიდან, მედიატორის თვითშეფასება და სხვა. ტრენინგი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მედიაციის სახლში მიმდინარეობდა.
ავსტრიელი ექსპერტის ვიზიტის მიზანია სისხლის სამართლის მედიაციის ქართული მოდელის გაცნობა და ამ სფეროს განვითარების ხელშეწყობა. მისი სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ორგანიზებით შედგა.
კრისტა პელიკანი დეტალურად დაინტერესდა საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობითა და განრიდება-მედიაციის პროგრამით.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს ახორციელებს. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე.  
კრისტა პელიკანს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სისხლის სამართლის მედიაციის მიმართულებით; არის ვენის სამართლის სოციოლოგიის და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ევროპის საბჭოს "სისხლის სამართლის სფეროში მედიაციის ექსპერტთა კომიტეტს”. გამოქვეყნებული აქვს ათობით ნაშრომი, მათ შორის აღდგენითი მართლმსაჯულების, დაზარალებულსა და სამართალდამრღვევს შორის მედიაციის თემებზე.