სიახლეები:

SKYE კლუბი უკვე ბათუმშიც დაიწყო

02 მარ 2018

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების უნარებისა და ცოდნის კლუბი (SKYE კლუბი) უკვე ქალაქ ბათუმშიც გაიხსნა. გახსნის ღონისძიება ბათუმის ამერიკულ კუთხეში გაიმართა.
გახსნის ღონისძიებაზე ახალგაზრდები გაეცნენ SKYE კლუბის მიზნებს, ღირებულებებს, სასწავლო პროგრამას, ასევე, SKYE კლუბის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მათი ჩართულობისა და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული საკითხების ადვოკატირების მნიშვნელობას, ახალგაზრდული საქმიანობის თავისებურებებს.
ბათუმის SKYE  კლუბში ადგილობრივი საჯარო სკოლებიდან და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან  20 ახალგაზრდა ჩაერთო,  კლუბს 2 ლიდერი უხელმძღვანელებს.
კლუბების წევრები 6 თვის განმავლობაში სასწავლო კურსს (თეორია/პრაქტიკა) ოთხი ძირითადი მიმართულებით გაივლიან: ლიდერობა, აქტიური მოქალაქეობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, სოციალური მეწარმეობა.
Skye კლუბი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" World Vision საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი პროგრამაა, რომელიც პილოტურ რეჟიმში 6 ქალაქში დაიწყო. კლუბები ბათუმის გარდა უკვე მუშაობს ლაგოდეხში, გორში, თელავში, რუსთავსა და  თბილისში. ჯამში, ექვსივე ქალაქის კლუბში, მოხალისეობრივ საწყისებზე 15 ლიდერი და 150-მდე ახალგაზრდაა ჩართული.
ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების უნარებისა და ცოდნის კლუბის მიზანია ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. ახალგაზრდებს ლიდერების ხელმძღვანელობით მცირე დაფინანსების ფარგლებში, თემის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტი. SKYE კლუბები მსოფლიოს 21 ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს.