სიახლეები:

ეროვნულ არქივში „გოგონათა კლუბის“ წევრებთან შეხვედრა გაიმართა

07 მარ 2018

ქალთა უფლებები; განათლება, როგორც საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისა და  პროფესიული წარმატების საწინდარი; საქართველო, როგორც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც გენდერული თანასწორობა საკანონმდებლო დონეზე აისახა, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ შემეცნებით-საგანმანათლებლო თემებისა, რომლებზეც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის  სფეროში მოქმედი სსიპ-ების ხელმძღვანელი ქალები პროგრამა „გოგონათა კლუბის" წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრას დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი თათია ხოჭოლავა, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ხათუნა კასრაძე უძღვებოდნენ. შეხვედრა ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.
თათია ხოჭოლავამ პროგრამა „გოგონათა კლუბის" მნიშვნელობასა და ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სიახლეების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული ქალების წარმატებული მაგალითი კლუბის წევრებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. პროგრამა თავად ისახავს მიზნად განათლების მნიშვნელოვნების გააზრებასა და ამ მხრივ შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრებს.
ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია საუკუნის წინათ საქართველოში ქალთა უფლებების შესახებ - თუ როგორ აისახა საკანონმდებლო დონეზე პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან გენდერული თანასწორობა ჩვენს ქვეყანაში. თეონა იაშვილის თქმით, ქალებმა 100 წლის წინ აქტიური საარჩევნო უფლებაც მიიღეს და საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტში 5 პარლამენტარი ქალი ჰყავდა.
ხათუნა კასრაძემ კი დამსწრეებს იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით ქალების უფლებების განმტკიცებისთვის ქვეყანაში განხორციელდა. რას ითვალისწინებს კანონმდებლობა ქალების უფლებების დასაცავად და რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს - სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნულის შესახებაც მიიღეს ინფორმაცია.
პროგრამა „გოგონათა კლუბს" იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ორი ასაკობრივი ჯგუფის გოგონებისთვის ახორციელებს. პროგრამა მოიცავს შემეცნებით-საგანმანათლებლო ტრენინგებს და ასევე, შეხვედრებს წარმატებულ ქალებთან. სრულწლოვანი გოგონებისთვის (19-21 წლის) პროგრამის მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პიროვნული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება, ხოლო  უმცროსი ასაკის, 14-18 წლის გოგონებისთვის პროგრამას განსხვავებული შინაარსი აქვს. მათთვის მნიშვნელოვანია ცხოვრებისეული მიზნების ჩამოყალიბება და ამ პროცესში საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გააზრება. სწორედ ამ მიზნით დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, საგანმანათლებლო სემინარები და შეხვედრები.