სიახლეები:

შულავერის სკოლა-სტუდიის მოსწავლეების პერსონალური გამოფენა

24 მარ 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის ხელსაქმის შესასწავლი სკოლა-სტუდიის „ჰობი ჰაუსის" (Hobby House) მოსწავლეების პერსონალური გამოფენა გაიმართა. წარმოდგენილი იყო ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი გოგონების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრები - სამკაულები, ნაქარგები, ნახატები, სხვადასხვა აქსესუარი. სტუდიაში ხელსაქმეს ათამდე გოგონა ეუფლება. გამოფენას თბილისში კულტურულ, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულმა ცენტრმა „ჰაიარტუნმა" უმასპინძლა.
სკოლა-სტუდია „ჰობი ჰაუსი" 2015 წელს, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტ „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის" ფარგლებში დაფინანსდა. სტუდიის ხელმძღვანელი მარინა წიქარიშვილია, რომელიც „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარია. იგი მესამე წელია წარმატებით უძღვება სტუდიას და მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გოგონებს საშუალება აქვთ დაეუფლონ მათთვის საინტერესო ხელსაქმეს.
სტუდიის მოსწავლეები სწავლობენ ქსოვას, ქარგვას, მძივებით გაფორმებასა და თექაზე მუშაობას. გარდა ამისა, სტუდია ეროვნული უმცირესობებისთვის ქართულ ენაზე კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა. მათი ნამუშევრების გამოფენა  საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სისტემატურად იმართება.