სიახლეები:

დანაშაულის პრევენციის ცენტრს გოგა ჩანადირი ესტუმრა

02 აპრ 2018

„ახალგაზრდების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ცოდნის თბილისის კლუბის" (SKYE კლუბი) წევრებს ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი შეხვდა. შეხვედრა მედიაციის სახლში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო. გოგა ჩანადირი ახალგაზრდებს   სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრა. შეხვედრის ძირითადი დრო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და მოხალისეობრივი საქმიანობის  მნიშვნელობას დაეთმო; დაიგეგმა ერთობლივი დასუფთავების  აქცია. გოგა ჩანადირი დანაშაულის პრევენციის ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობს. ფოტორეპორტიორი ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში პერიოდულად მონაწილეობს.
„ახალგაზრდების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ცოდნის კლუბის" მიზანია ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. ახალგაზრდებს ლიდერების ხელმძღვანელობით მცირე დაფინანსების ფარგლებში, თემის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებლობა აქვთ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტი. კლუბების წევრები 6 თვის განმავლობაში სასწავლო კურსს (თეორია/პრაქტიკა) ოთხი ძირითადი მიმართულებით გადიან: ლიდერობა, აქტიური მოქალაქეობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, სოციალური მეწარმეობა.
კლუბი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და World Vision საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი პროგრამაა, რომელიც პილოტურ რეჟიმში 6 ქალაქში მიმდინარეობს.