სიახლეები:

უმცროსკლასელებმა ავღანეთიდან საპასუხო წერილები მიიღეს

29 აპრ 2018

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიამ პროგრამის - „წერილები ჯარისკაცებს" მონაწილეებს უმასპინძლა. ღონისძიება ნატოს დღეებს მიეძღვნა. აკადემიაში თბილისის, კახეთის რეგიონისა და ქალაქ გორის სკოლების 100 მოსწავლე იმყოფებოდა, რომლებსაც ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელებისგან საპასუხო წერილები გადაეცათ. ბავშვებს სერჟანტთა აკადემიის მეთაურმა ზაალ ზაალიშვილმა, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ და იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორმა თათია ხოჭოლავამ უმასპინძლეს. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მნიშვნელობასა და საქმიანობას; ასევე, უჩვენეს ფილმი - „ქართველები მსოფლიო მშვიდობისთვის". შეხვედრის დასასრულს კი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გაიმართა მხიარული შეჯიბრი და ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა. მოსწავლეებმა დააგემოვნეს „ჯარისკაცის ულუფაც".
პროგრამა „წერილები ჯარისკაცებს" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაა, რომელიც თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან ერთად ხორციელდება. პროგრამის აქტივობების შესაბამისად, მოსწავლეები საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს წერილებს უგზავნიან და მათგან საპასუხო ბარათებს იღებენ. სკოლების ინფორმირებას პროგრამის შესახებ, მოსწავლეთა ჩართულობასა და წერილების შეგროვებას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" უზრუნველყოფს, წერილებს კი თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში აგზავნის, საიდანაც სამხედროების მოწერილი საპასუხო ბარათებიც ჩამოაქვს. უმცროსკლასელებისთვის საპასუხო წერილების მიღება სასიხარულო და საამაყო მოვლენაა. პროგრამის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.