სიახლეები:

იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ქუთაისში ჩატარდა

07 მაი 2018

ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება - ამ მიზნით იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად განაგრძობს პროექტს - „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის". ამჯერად, იმიტირებული პროცესები ქალაქ ქუთაისში ჩატარდა, რომელშიც  #30-ე საჯარო სკოლა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკოლა „იმედი", ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი" და  #24-ე საჯარო სკოლა მონაწილეობდნენ.
მოსწავლეების თეორიული და პრაქტიკული მომზადების პროცესი საქართველოს მთავარი პროკურატურის აქტიური ჩართულობით ეტაპობრივად მიმდინარეობდა. პროექტში ნაფიც-მსაჯულებად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტები ჩაერთვნენ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, დასკვნით ეტაპზე, იმიტირებულ სასამართლო პროცესზე გამარჯვებული გუნდი, ასევე, საუკეთესო ინდივიდუალური მონაწილე - „საუკეთესო პროკურორი" და „საუკეთესო ადვოკატი" დასახელდნენ. კონკურსში „პროგრესისა" და „იმედის" გუნდებმა გაიმარჯვეს. გამარჯვებულ გუნდებს სიმბოლური თასი, სერტიფიკატები და მედლები გადაეცათ. ღონისძიებას დანაშაულის პრევენციის ცენტრის, მთავარი პროკურატურისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და ამ პროექტის მთავარი მიზანია მესამე და მეოთხე საფეხურის სკოლის მოსწავლეებში ადვოკატირების უნარ-ჩვევების გამომუშავება, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება,  მართლმსაჯულების, სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.