სიახლეები:

გოგონათა კლუბი მშობლებთან ერთად

17 მაი 2018

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" განაგრძობს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის გოგონებისთვის გათვალისწინებულ პროგრამას - „გოგონათა კლუბი". ამჯერად, ახლადშექმნილ ჯგუფში 12-14 წლის 15 გოგონა მშობლებთან ერთად გაერთიანდნენ. პროგრამის ამ სიახლის მიზანია გოგონების პიროვნული გაძლიერების და ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება და ამასთანავე, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით მშობლებთან ურთიერთობა.
პროგრამის მონაწილეებს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი მედიაციის სახლში შეხვდა. თათია ხოჭოლავამ კლუბის წევრებს პროგრამის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, გოგონებისა და მშობლების ურთიერთობას დაეთმო. „გოგონათა კლუბი" პიროვნული გაძლიერებისთვის საჭირო სასწავლო და პრაქტიკული  ელემენტებისგან შედგება, რომლის საბოლოო მიზანი არასრულწლოვნების მშობლებთან დაახლოებაა.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული ტრენერები  წარმართავენ შეხვედრებს ცალ-ცალკე როგორც გოგონებთან, ისე მშობლებთან. დაგეგმილია სხვადასხვა არაფორმალურ გარემოში დაგეგმილი აქტივობებიც, რომლის შინაარსიც ორივე ჯგუფის ინტერესებისა და საჭიროების მიხედვით განისაზღვრება.  
როგორც ცნობილია, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის გოგონებს პროგრამა „გოგონათა კლუბს" სთავაზობს. ამ პროგრამის ზოგადი მიზანია გოგონებში საჭირო პიროვნული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება, ცხოვრებისთვის საჭირო  უნარების განვითარება, რაც მომავალში მათ დაეხმარება ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.