სიახლეები:

ჯანსაღი დამოკიდებულება - ჯანსაღი ცხოვრება

21 მაი 2018

"ჯანსაღი დამოკიდებულება - ჯანსაღი ცხოვრება", ამ სახელწოდებით იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" საინფორმაციო კამპანია იმერეთის რეგიონიდან დაიწყო. კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სკოლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ქალაქ ქუთაისის იუსტიციის სახლში. კამპანიაში საჯარო სკოლების IX, X და XI კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ. ახალგაზრდებმა მოისმინეს ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემთხვევაში რისკების შესახებ; ძირითადი ყურადღება კი ჯანსაღი ცხოვრების წესს დაეთმო.
შეხვედრები საინფორმაციო-პრევენციული ხასიათისაა. კამპანიის მიზანია სკოლის მოსწავლეებმა მოისმინონ ინფორმაციები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების უარყოფითი შედეგების შესახებ და ამავდროულად, მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. შესაბამისად, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ახალგაზრდებში სპორტულ და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ჩართულობის მნიშვნელობას, ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ჯანმრთელობის ხელშემწყობი გარემოს შექმნას და სხვა.
საინფორმაციო კამპანია იმერეთის რეგიონის შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარასა და გურიაში გაგრძელდება. შეხვედრები სექტემბერში დასრულდება.