სიახლეები:

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

01 ივნ 2018

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" „გოგონათა კლუბის" წევრებს სერტიფიკატები გადაეცათ.
გოგონებს ტრენინგი იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ჩაუტარა. დღეს კი მათ შესაბამისი სერტიფიკატები იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ და დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა თათია ხოჭოლავამ გადასცეს.
ტრენინგი „ემოციური ინტელექტის განვითარება” და ,,სტრესის მართვა" იუსტიციის სასწავლო ცენტრმა დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორი ასაკობრივი ჯგუფის გოგონების კლუბის წევრებისთვის უფასოდ ჩაატარა.
იუსტიციის სისტემა მუდმივად ზრუნავს ბავშვების, ქალების უფლებებზე, მათთვის განათლების მიცემის შესაძლებლობის ხელშეწყობაზე. სწორედ ამიტომ იუსტიციის სასწავლო ცენტრმა გოგონებს ჰკითხა - რა იყო მათი ინტერესის სფერო, რა მიმართულებით ისურვებდნენ ისინი ცოდნის გაღრმავებას და ტრენინგებიც მათი საჭიროებისა და სურვილების მიხედვით დაიგეგმა. ეს ხელს შეუწყობს მათ სამომავლო დასაქმებას, განვითარებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრირებას.
ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებში დასაქმებისთვის საჭირო პიროვნული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება, ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარება, რაც მომავალში დაეხმარება მათ ჯანსაღ, ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. ტრენინგები ცალ-ცალკე ჩაუტარდათ 14-18 წლის და 19-21 წლის გოგონებს. არასრულწლოვანი გოგონები მედიაციის სახლის ბენეფიციარები არიან, სრულწლოვნები კი − სტუდენტები, რომლებიც დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებისა და პიროვნული გაძლიერების მიზნით გოგონათა კლუბში გაერთიანდნენ.
პროგრამა „გოგონათა კლუბს" იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" 21 წლამდე, სრულწლოვანი და არასრულწლოვანი გოგონებისთვის ახორციელებს. პროგრამა მოიცავს შემეცნებით-საგანმანათლებლო ტრენინგებს და შეხვედრებს წარმატებულ ქალებთან.