სიახლეები:

SKYE კლუბი - შეხვედრა გიორგი ტუმასიანთან

07 ივნ 2018

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" გორის SKYE კლუბს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში გიორგი ტუმასიანი ესტუმრა. სტუმარმა შეხვედრაზე ისაუბრა ახალგაზრდობის ჩართულობისა და გაძლიერების მნიშვნელობაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მომავალი თაობის მონაწილეობის აუცილებლობასა და მექანიზმებზე, განათლების სისტემის რეფორმირებასა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგზე.
გიორგი ტუმასიანმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების აუცილებლობაზე. შეხვედრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით წარიმართა. შეხვედრას SKYE კლუბის წევრების გარდა სტუდენტები და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებიც დაესწრნენ.
„ახალგაზრდების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ცოდნის კლუბი" (SKYE კლუბი) იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და World Vision საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი პროგრამაა, რომელიც პილოტურ რეჟიმში 6 ქალაქში მიმდინარეობს. მისი მიზანია ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. ჯამში, ექვსივე ქალაქის კლუბში, მოხალისეობრივ საწყისებზე 15 ლიდერი და 14-21 წლის 150-მდე ახალგაზრდაა ჩართული.