სიახლეები:

შემეცნებითი ტური თბილისში

18 ივნ 2018

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მედიაციის სახლის ბენეფიციარებისთვის ახალი ორდღიანი პროექტი - „ტური თბილისში" დაიწყო. მასში 12-18 წლის ბენეფიციარები ჩაერთვნენ. მოზარდებმა მოინახულეს ძველი თბილისი,  ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილი, მოისმინეს ისტორიები სხვადასხვა ტრადიციებისა და შენობა-ნაგებობების შესახებ. პროექტის მეორე დღეს მედიაციის სახლში შედგა შეხვედრა, რომელზეც ბენეფიციარებმა  მიღებული ცოდნა შეაჯამეს და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს. კულტურულ-შემეცნებით პროექტს ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი გაუძღვა. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ინტენსიური ჩართულობა კულტურულ - შემეცნებით აქტივობებში, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით მათი დაინტერესება და რაც მთავარია, დედაქალაქის  ისტორიისა და კულტურის გაცნობა.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა.