სიახლეები:

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა აღდგენითი მართლმსაჯულების ქართული მოდელი საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა

20 ივნ 2018

აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების ისტორია საქართველოში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღწეული შედეგები, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემების, რომლებზეც  საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ევროპის აღდგენითი მართლმსაჯულების ფორუმის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრეს. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს ხელმძღვანელმა ლადო ჯავახიშვილმა, მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია მერებაშვილმა და ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ მაია ჩოჩუამ ფორუმის მონაწილეებს განრიდება-მედიაციის პროგრამის ქართული მოდელი და აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გააცნეს. ფორუმს 40-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის ფარგლებში პანელური სესია დაეთმო საქართველოს წარმატებული გამოცდილების და უკანასკნელ პერიოდში მიღწეული შედეგების წარდგენას. ფორუმზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მულტიდისციპლინური მუშაობის საჭიროებას, აღდგენითი მართლმსაჯულების წარმატებით განხორციელებაში საერთაშორისო ორგანიზაციების როლსა და სისხლის სამართლის მედიაციის განვითარების პერსპექტივებს. კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ევროკავშირის პროექტის EU4Justice სასამართლოს მხარდაჭერის პროექტმა უზრუნველყო.
საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. პროგრამის შედეგად 14-დან 21 წლამდე ასაკის 3100 ახალგაზრდა სისხლისსამართლებრივ დევნას განერიდა. მედიაცია კი, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ცენტრი აქტიურად მუშაობს მედიაციის განვითარებასა და დანერგვაზე. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მხოლოდ 9 პროცენტმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული, რაც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით წარმატებული შედეგია; საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.