სიახლეები:

„ორი თაობისა“ და „SKYE კლუბის“ ერთობლივი ღონისძიება ხანდაზმულთა პანსიონატში

06 ივლ 2018

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" პროგრამა ,,ორი თაობის" და „ახალგაზრდების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ცოდნის თბილისის კლუბის" (SKYE კლუბი)  ფარგლებში თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში მუსიკალური საღამო გამართა. ღონისძიებას ცენტრის დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო. ახალგაზრდებმა პანსიონატის ბენეფიციარებისთვის მუსიკალური ნომრები შეასრულეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. ღონისძიებაში სკოლა-ლიცეუმ ,,თამარიონთან" არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,თამარიონიც" მონაწილეობდა; რამდენიმე ნომერი SKYE კლუბის წევრებმაც წარადგინეს.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" აღნიშნულ პანსიონატში პროგრამა „ორ თაობას" მეოთხე წელია ახორციელებს. მისი მიზანი ახალგაზრდებში უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაა. სკოლის მოსწავლეები, მოხალისეობრივ საწყისებზე, ხანდაზმულთა პანსიონატს ყოველკვირეულად სტუმრობენ და მოხუცებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებიან, უკითხავენ გაზეთებს, მონაწილეობენ ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაში, აწყობენ შემოქმედებით საღამოებს და სხვა. პანსიონატთან აქტიურად თანამშრომლობენ „ახალგაზრდების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ცოდნის კლუბის" (SKYE კლუბი) წევრებიც. ეს კლუბი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და World Vision საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი პროგრამაა, რომლის  მიზანიც ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა.