სიახლეები:

აღდგენითი მართლმსაჯულების რეფორმას ნეპალის დელეგაცია გაეცნო

11 ივლ 2018

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და განრიდება-მედიაციის პროგრამის გაცნობის მიზნით იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს" ნეპალის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციას განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსმა ლადო ჯავახიშვილმა უმასპინძლა. სტუმრებმა მედიაციის სახლი დაათვალიერეს, ასევე, გაეცნენ განრიდება-მედიაციის პროგრამის შედეგებსა და აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს გამოცდილებას; დაინტერესდნენ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ძირითადი პროგრამებითა და საქმიანობით. ნეპალის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები საქართველოს სამდღიანი ვიზიტით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოწვევით სტუმრობენ. ისინი უკვე გაეცნენ საქართველოს სასამართლო სისტემასა და ამ სისტემაში მიმდინარე რეფორმებს. მნიშვნელოვანი ინტერესი აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართ გამოხატეს. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. პროგრამის შედეგად 14-დან 21 წლამდე ასაკის 3100-ზე მეტი ახალგაზრდა სისხლისსამართლებრივ დევნას განერიდა. განმეორებითი დანაშაული კი მხოლოდ 9 პროცენტია, რაც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით წარმატებული შედეგია. მედიაცია, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა. ცენტრი აქტიურად მუშაობს მედიაციის განვითარებასა და დანერგვაზე. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე.