სიახლეები:

დანაშაულის პრევენციის ცენტრი მედიატორების პროფესიული განვითარების მიზნით ტრენინგებს განაგრძობს

12 ივლ 2018

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" მედიატორების პროფესიული განვითარების მიზნით ტრენინგებს განაგრძობს. ამჯერად, მედიაციის სახლის მედიატორებისა და „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაზე" მომუშავე სოციალური მუშაკებისთვისთვის ორდღიანი ტრენინგები ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის დახმარებით განხორციელდა და ის პროექტის ექსპერტმა,  პროფესორმა ივო ერცენმა ჩაატარა. ტრენინგებს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი თათია ხოჭოლავა, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარე  რენატე ვინტერი, პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩოჩუა და განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი ლადო ჯავახიშვილი დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" უახლოეს მომავალში მედიაციის ახალი სახეების დანერგვას გეგმავს. ესენია - მედიაცია არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის და ასევე, მედიაცია „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარებისთვის. ბელგიელი ექსპერტის მიერ ჩატარებული ტრენინგებიც მედიაციის ახალი სახეების დანერგვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მედიაციის ახალი სახეების დანერგვის მიზანი იქნება როგორც ბენეფიციარის, ისე მის მიერ დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინება. სისხლის სამართლის მედიაციის განვითარება კიდევ უფრო დაეხმარება ცენტრის ბენეფიციარ ყოფილ პატიმრებს რესოციალიზაციის პროცესში, ხელი შეეწყობათ მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში; შემცირდება კონფლიქტის რისკები დაზარალებულთან და ამავდროულად, მაქსიმალურად დაცული იქნება დაზარალებულის ინტერესები ამ პროცესში.
ლუვენის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ივო ერცენი  აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებსა და ვიქტიმოლოგიაში ევროპელი მკვლევარია. ევროკავშირის მხარდაჭერით იგი ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან" და ქართველ ექსპერტებთან ერთად მუშაობდა მომავალი მედიატორებისათვის სერტიფიცირებული კურსის შექმნაში. 2016 წლიდან „სისხლის სამართლის სფეროში მედიატორის" პროფესიის დაუფლება შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნული სასერტიფიკაციო კურსის გავლის შემდეგ.
მედიაცია, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა. ცენტრი აქტიურად მუშაობს მედიაციის განვითარებასა და დანერგვაზე. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე.