სიახლეები:

დანაშაულის პრევენციის ცენტრს 6 ახალი სპეციალიზებული მედიატორი ეყოლება

06 სექ 2018

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ინიციატივით, სისხლის სამართლის მედიატორებისთვის გადამზადების სასწავლო კურსი მიმდინარეობს. მსგავსი სერტიფიცირებული სასწავლო კურსი უკვე მეორედ ტარდება საქართველოში, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ექსპერტების აქტიური ჩართულობით შეიქმნა. სასწავლო კურსის მიმდინარეობას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი თათია ხოჭოლავა გაეცნო და მედიატორებს წარმატებები უსურვა. მისი თქმით, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" აქტიურად განაგრძობს მუშაობას სისხლის სამართლის მედიაციის განვითარებაზე, რომელიც არასრულწლოვანი განრიდებული პირების გარდა, უახლოეს მომავალში, ასევე გავრცელდება სრულწლოვან ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებზეც.
სასწავლო კურსის განმავლობაში ახალი მედიატორები სიღრმისეულად დაეუფლებიან მედიაციის, მოლაპარაკების, კონფლიქტის მართვის და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს,  გაეცნობიან აღდგენითი მართლმსაჯულების თანამედროვე კონცეფციასა და მისი განვითარების ისტორიას, სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ საკითხებს. ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმობა დაზარალებულთან და დანაშაულის ჩამდენ პირთან მუშაობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს, მედიატორის როლს სისხლის სამართალში და ა.შ. სასწავლო კურსი ასევე მოიცავს საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მარეგულირებელ კანონმდებლობას, არასრულწლოვანთა კოდექსის მიზნებსა და პრინციპებს, ძირითად განსხვავებებს სრულწლოვანთა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.
მედიატორთა პროფესიული  განვითარებისა მიზნით მიმდინარე სასწავლო კურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრში  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ დანაშაულის პრევენციის ცენტრს სისხლის სამართლის 6 ახალი სპეციალიზებული მედიატორი ეყოლება. ამ დროისთვის ცენტრში 11 სპეციალიზებული მედიატორი მუშაობს.
მედიაცია როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. სისხლის სამართლის მედიაცია მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე.