სიახლეები:

ცხოველთა დაცვის დღე ზოოტოპიაში

04 ოქტ 2018

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მედიაციის სახლის მცირეწლოვანი ბენეფიციარები „ზოოტოპიას - კონტაქტურ ზოოპარკს" ესტუმრნენ. იქ არსებული გარემო მცირე ზოოპარკის სტილშია მოწყობილი და ფერადი, ძალიან სახალისო, განსხვავებული ინტერიერით გამოირჩევა. მსგავსი საგანმანათლებლო ექსკურსიებით ბავშვები ცხოველების სიყვარულსა და მათზე ზრუნვას სწავლობენ.  კონსულტანტი სტუმრებს ბინადრების  შეხებაში, მოფერებასა და გამოკვებაში დაეხმარა.
მედიაციის სახლის ბენეფიციარებს „ზოოტოპიამ" უსასყიდლოდ უმასპინძლა. ის ჩვეულებრივი ზოოპარკისგან იმით განსხვავდება, რომ მის სტუმრებს ცხოველებთან და ფრინველებთან შეხება, მათი მოფერება და გამოკვება შეუძლიათ.
ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე 4 ოქტომბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღის მიზანია გააერთიანოს ადამიანთა ძალისხმევა ცხოველთა სამყაროსა და ცხოველების უფლებების დასაცავად.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, საგანმანათლებლო სემინარები და შეხვედრები.
ფოტოები გადაღებულია ტარიელ ტაკაშვილის მიერ.