სიახლეები:

14 წლამდე ასაკის ბავშვთა რეფერირების ცენტრი შეიქმნება

08 ოქტ 2018

14 წლამდე ასაკის ბავშვთა რეფერირების ცენტრი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე შეიქმნება იუსტიციის სამინისტროში ბავშვთა რეფერირების შესახებ შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა − სამთავრობო უწყებებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა − იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი განიხილეს, რომელიც საქართველოში ახალი და ფუნქციურად გამართული ბავშვთა რეფერირების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. შეხვედრა იუსტიციის მინისტრმა გახსნა. თეა წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი და, ასევე, მთავრობის დადგენილების პროექტი 14 წლამდე ასაკის ბავშვთა რეფერირების შესახებ. ღონისძიების მონაწილეებს მინისტრმა ის სიახლეებიც გააცნო, რაც რეფერირების ინსტიტუტის პროექტმა განიცადა. კერძოდ, რეფერირების ცენტრი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე უნდა შექმნილიყო. მას შემდეგ კი, რაც პრობაციის სისტემა იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა, მცირე მთავრობის იდეის შესაბამისად, გადაწყდა დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს გაერთიანება. თეა წულუკიანმა ამ გადაწყვეტილების მიზეზებიც განმარტა: „2012 წელს, როდესაც ჩემი ინიციატივით დაფუძნდა დანაშაულის პრევენციის ცენტრი, ამას ჰქონდა ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი: ის ყოფილი პატიმრები, რომლებიც არ იყვნენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები, სახელმწიფოს მხრიდან ვერავითარ დახმარებას ვერ იღებდნენ, არცერთი ოფიციალური სტრუქტურა არ ზრუნავდა მათზე და მათ საჭიროებებზე. ამიტომ შევქმენით სპეციალური პროგრამა დანაშაულის პრევენციის ცენტრში, რომელიც დაეხმარებოდა მათ რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციაში. უკვე 6 წლისთავზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ „ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. დღეს, რაკი სამინისტროს შემადგენლობაში მოექცა პრობაციის სააგენტოც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და პრობაციის ბიუროს ადამიანური და ფინანსური რესურსების შეერთება მოგვცემს უკეთეს შედეგს. ამიტომ იქმნება ერთიანი უწყება − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, რომელიც გაერთიანებული ძალებით და უფრო სრულფასოვნად იმუშავებს დანაშაულის პრევენციის, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და არასაპატიმრო სასჯელების საკითხებზე", − განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრის თქმით, პრობაციის სააგენტო, არასაკმარისი რესურსის გამო, ძირითადად, არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების მიმართულებით მუშაობდა და სოციალური სამუშაოსა და რეაბილიტაციის კუთხით მისი საქმიანობა ნაკლებეფექტური იყო. ამ პრობლემის გადასაჭრელად სამსახურს უკვე დაემატა 60 სოციალური მუშაკის შტატი. „მე გავეცანი პრობაციის ოფიცრების საქმიანობას თბილისსა და რეგიონებში და შემიძლია, ვთქვა, რომ პრობაციის ოფიცერი უფრო წარმატებულად მუშაობს იქ, სადაც მას ეხმარება სოციალური მუშაკი. ამიტომ ვფიქრობ, ასეთი მოდელის დაგეგმვა აუცილებელია", − აღნიშნა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო" საჯარო სამსახურის სისტემის ნაწილი იქნება და ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად, ღია კონკურსის წესით მოხდება. იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთი სიახლე გააჟღერა − პრობაციის ოფიცრების მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში: „19 ოქტომბერს საჩხერეში ვხსნით 57-ე საზოგადოებრივ ცენტრს. ეს იქნება პირველი საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც სხვა 200-ზე მეტ სერვისთან ერთად ადამიანები შეძლებენ, პრობაციის ოფიცრების მომსახურებაც მიიღონ. ეს, პირველ რიგში, კეთდება ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისათვის, რომ მათ არ ჰქონდეთ მინიმალური ფსიქოლოგიური დისკომფორტიც კი და სერვისისათვის მიმართონ იმავე ინფრასტრუქტურას, რასაც მიმართავს მოქალაქე, რომელსაც პასპორტის ან დაბადების მოწმობის აღება სურს და პრობაციონერი არაა. ეს კეთდება იმისათვისაც, რომ მთლიანად აღმოიფხვრას საზოგადოების მხრიდან ყოფილი პატიმრებისა და პრობაციის სერვისების ბენეფიციარების სტიგმატიზაცია", − განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ეტაპობრივად, და სადაც ეს შესაძლებელი იქნება, პრობაციის ოფიცრებისათვის ოფისი საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში განთავსდება. პირველ ეტაპზე, საჩხერის შემდეგ, ეს იქნება დმანისი, ადიგენი და წნორი, სადაც ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრებში პრობაციის ოფიცრები სამუშაოდ გადავლენ. შეხვედრის მონაწილეებმა მთავრობის დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც ბავშვთა რეფერირების მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებებისა და ბავშვთა რეფერირების მიზანი რთული ქცევის მქონე ბავშვების სოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მათი დანაშაულის პრევენციაა ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის გზით. რეფერირების მექანიზმის საჭიროება 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმის არარსებობამ განაპირობა. იუსტიციის სამინისტროში მომზადებული ცვლილებების მიხედვით, შეიქმნება ბავშვთა რეფერირების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს რეფერირების პროცესის კოორდინაციას. რეფერირების პროცესში ცენტრთან ერთად ჩაერთვებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; მათი მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირები; საქართველოს პროკურატურა და დამოუკიდებლად მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირები. აღნიშნული უწყებები მოახდენენ რთული ქცევის მქონე ბავშვის იდენტიფიკაციას და მას გადაამისამართებენ ბავშვთა რეფერირების ცენტრში, რომელიც ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესწავლის შემდეგ უზრუნველყოფს მის (საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, ოჯახის წევრის) შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვას. ბავშვთა რეფერირების ცენტრის გადაწყვეტილება შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით სავალდებულო იქნება და მისი შეუსრულებლობისთვის მშობელს პასუხისმგებლობა დაეკისრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით. ბავშვთა რეფერირების მექანიზმზე მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ 2018 წლის დასაწყისში დაიწყო; მოამზადა სახელმწიფოთა პრაქტიკის კვლევა „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ პირთა მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია", რომელსაც თან ახლდა სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე, 2018 წლის პირველ ნახევარში ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად განხორციელდა პრობლემის ანალიზი და მომზადდა ბავშვთა რეფერირების კონცეფცია. ბავშვთა რეფერირების კონცეფციაზე დაყრდნობით, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ბავშვთა რეფერირების მექანიზმის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი და გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო სტრუქტურების, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად აქტიურადაა ჩართული ევროკავშირის სამართლის პროექტი და UNICEF.