სიახლეები:

მედიაციის სახლს ბელარუსისა და ტაჯიკეთის დელეგაციები ესტუმრნენ

09 ოქტ 2018

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ქართული მოდელის გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით მედიაციის სახლს ბელარუსისა და ტაჯიკეთის დელეგაციები ესტუმრნენ. სამუშაო შეხვედრის ფორმატში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების დანერგვაში ქართულ გამოცდილებას, საქართველოში არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მიზნებს, მისი სამართლებრივი რეგულირების საკითხებს, პროგრამაში ჩართული პროფესიონალების როლსა და მიღწეულ შედეგებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განრიდება-მედიაციის პროგრამის 2014 წელს დაწყებულ რეფორმას და მის შედეგებს. შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი თათია ხოჭოლავა, განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი ლადო ჯავახიშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და პროკურატურის წარმომადგენლები დაესწრნენ. განრიდებისა და მედიაციის პროგრამა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისთვის წარმოადგენს ერთ შანსს, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ. სტუმრებმა მედიაციის სახლი დაათვალიერეს, რომელიც წარმოადგენს სპეციალურად აღჭურვილ სივრცეს მედიაციისათვის და მორგებულია მედიატორთა საჭიროებებზე. დელეგაციების შემადგენლობაში არიან ბელარუსისა და ტაჯიკეთის აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე ადამიანის უფლებების თემაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დელეგაციების სასწავლო ვიზიტი 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და პროკურატურის წარმომადგენლებთან. დელეგაციების ერთობლივი სასწავლო ვიზიტი გაეროს ბავშვთა ფონდისა (unicef) და ეუთოს ტაჯიკეთის ოფისის წარმომადგენლების ორგანიზებით იმართება.