სიახლეები:

დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და შპს „სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

22 ივნ 2018

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა” და შპს „სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები სასწავლო პრაქტიკისა და კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ. მემორანდუმს ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ და უნივერსიტეტის რექტორმა ვაჟა ვარდიძემ მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით სასწავლო პრაქტიკას უნივერსიტეტის მიერ შერჩეული, სამართლის მიმართულების 12 სტუდენტი გაივლის. სტუდენტები სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" საქმიანობასა და პროგრამების მიმდინარეობასაც გაეცნობიან, დაინტერესების შემთხვევაში აქტივობების ორგანიზებაშიც ჩაერთვებიან.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ძირითადი საქმიანობა დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა, რისკ ჯგუფებთან მუშაობა და პირველადი დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებაა. ცენტრის მუშაობის ძირითადი პროგრამები და მიმართულებებია „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა", განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მუშაობა და პირველადი დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარება. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისებას და სხვა.