სიახლეები:

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა ერთობლივი პროექტი დაიწყო

11 ოქტ 2018

 „გაიცანი შენი მომავალი პროფესია" - ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" შპს „სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან" ერთად დაიწყო. პროექტში მედიაციის სახლის 20-მდე ბენეფიციარი ჩაერთო. მისი მიზანია სკოლის მოსწავლეებს მიაწოდონ ინფორმაცია სამომავლოდ შერჩეული პროფესიების შესახებ. პრაქტიკაზე ორიენტირებულ მოკლე სასწავლო კურსს დარგში წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები და წარმატებული სტუდენტები გაუძღვებიან. შემეცნებით-საგანმანათლებლო კურსი სამართლის, ბიზნესის, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობებში ჩატარდება.
პირველ შეხვედრას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო. მან ბენეფიციარებს პროექტში ჩართულობისთვის და დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა. „ამ პროექტით სკოლის მოსწავლე ჩვენ ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ მიიღონ მეტი პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, რაც დაეხმარებათ მათ სამომავლოდ სწორად შერჩეულ პროფესიასა და კარიერის დაგეგმვაში. პროექტი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბაზაზე წარიმართება და 8 შეხვედრას მოიცავს", განაცხადა თათია ხოჭოლავამ.
ახალი პროექტი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა” და შპს „სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს” შორის ივნისში გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიწყო.  
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.