სიახლეები:

207-ე საჯარო სკოლა სტუმრად რაგბის სანაკრებო ბაზაზე

16 ოქტ 2018

ჯანსაღი ცხოვრების წესი, გუნდურობა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, - ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც საქართველოს რაგბის კავშირის სოციალური პროექტების მენეჯერმა და ვეტერანმა მორაგბეებმა ნონო ანდღულაძემ და ლექსო გუგავამ თბილისის 207-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ისაუბრეს. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ინიციატივით რაგბის სანაკრებო ბაზა „შევარდენზე"  გაიმართა.
შეხვედრის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გუნდური შეჭიდულობის მახასიათებლების გაცნობა იყო. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო სასკოლო ბულინგსა და ახალგაზრდებში ძალადობის გამომწვევ მიზეზებს.  მოსწავლეებმა დაათვალიერეს სანაკრებო ბაზა, დაესწრნენ რაგბის ეროვნული ნაკრების წევრების ვარჯიშს, რის შემდეგაც სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ამხანაგური მატჩი გაიმართა.  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორის თათია ხოჭოლავას განცხადებით, ცენტრი აქტიურად განაგრძობს რაგბის კავშირთან  თანამშრომლობას, რომელიც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.