სიახლეები:

სასიცოცხლო უნარების განვითარების ტრენინგი - სიახლე მედიაციის სახლში

24 ოქტ 2018

მოზარდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის სხვადასხვა სასიცოცხლო უნარების განვითარების გზით,  მათი დახმარება საკუთარი შესაძლებლობების შეფასებასა და არსებული რესურსების რაციონალურად გამოყენებაში, - ამ მიზნების გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" მედიაციის სახლის ბენეფიციარებისთვის ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის სახელწოდებაა „სასიცოცხლო უნარების განვითარების ტრენინგი", რომელიც 6 თვის განმავლობაში განხორციელდება. 15 მოზარდი მიიღებს იმ ეფექტურ რჩევებსა და ინფორმაციებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი სოციალური ურთიერთობების გაუმჯობესებას. დანაშაულის პრევენციის ცენტრმა საერთაშორისოდ აღიარებული ეს ტრენინგმოდული WorldVision საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით დანერგა.
პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს მიღებული ცოდნა საკუთარი როლისა და მნიშვნელობის განსაზღვრაში, მომავლის დაგეგმვასა და ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში დაეხმარებათ. მოზარდები თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებში ჩაერთვებიან. ასეთი მორიგი შემეცნებითი ტური მოეწყო ქალაქ მცხეთაში. ჯგუფის ფორმირების და წახალისების მიზნით მოწყობილ  ექსკურსიაზე ბავშვებმა მოინახულეს  შიომღვიმის მამათა მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და  სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერი. ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულების შემდეგ ბენეფიციარებმა ანიმატორთა ჯგუფის მიერ შეთავაზებულ სახალისო თამაშებში  მიიღეს მონაწილეობა. პროექტი დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველოს ბენეფიციარებისთვისაა განკუთვნილი.  როგორც ცნობილია, მედიაციის სახლში პროგრამები/პროექტები და სხვადასხვა სახის სერვისები ბენეფიციართა საჭიროებების შესაბამისად მიმდინარეობს.