სიახლეები:

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2013 წელს დაფუძნებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში წელს 40-მდე ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდება

17 ოქტ 2018

ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, ეკონომიკური მხარდაჭერის, დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან" საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თავად მინისტრმა და „აფხაზეთის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ.

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროექტს ყოფილი პატიმრების ბიზნესიდეების დაფინანსებისათვის 2013 წლიდან ახორციელებს. პროგრამის დახმარებით უკვე დასაქმდა 100-ზე მეტი ყოფილი პატიმარი, რაც მათი რესოციალიზაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარი ბიზნესის წამოწყება ყოფილ პატიმრებს ეკონომიკურთან ერთად ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში ეხმარება, მინიმუმამდე ამცირებს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს, რაც კრიმინალისაგან დაცული საზოგადოებისა და უსაფრთხო გარემოს წინაპირობაცაა.

წლევანდელი საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი 180 ათასი ლარია. პროექტის ფარგლებში 40-მდე ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდება. საგრანტო პროგრამას მონიტორინგს იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" გაუწევს. საუკეთესო ბიზნესიდეის მქონე ყოფილი პატიმრები კონკურსის წესით შეირჩევიან. მათზე გაცემული თანხის რაოდენობა ბიზნესის სპეციფიკაზე იქნება დამოკიდებული. ყოფილი პატიმრები საკუთარი იდეის განხორციელებას შეძლებენ სხვადასხვა მიმართულებით, რომელთა შორისაა სოფლის მეურნეობა, მომსახურება, წარმოება და სხვ.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საგრანტო პროექტი „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა" 2013 წლიდან ხორციელდება. 2013-2017 წლებში 108 ყოფილი პატიმრის, მათ შორის, 24 ქალი პატიმრის, 106 ბიზნესიდეა, დაფინანსდა, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ, ჯამში, 474.631 ლარი გამოყო. ამ ხნის განმავლობაში ყოფილმა პატიმრებმა პროექტის ფარგლებში არაერთი წარმატებული იდეა განახორციელეს: გიორგი წულაიამ მეფუტკრეობის მიმართულებით საკუთარი ბიზნესსაქმიანობა გააფართოვა; გოგიტა ლექვინაძემ მცირე საოჯახო ბიზნესისათვის მრავალფუნქციური საკერავი მანქანა შეიძინა; გელა ერზიკიანმა ხის სოკოს სათბური აამუშავა; ქვის ოსტატმა ჯანდრიკო ჭითანავამ ინტერიერისა და ეზოების კეთილმოწყობისთვის საჭირო დეკორაციების დასამზადებელი ელექტროდანადგარი შეიძინა; ზვიად კვარაცხელიამ პურ-ფუნთუშეულის წარმოებისთვის საცხობი გახსნა; ეფრემ სიჭინავამ საკუთარ ეზოში სასათბურე მეურნეობა მოაწყო; უჩა ყურმაშვილმა სილამაზის სალონისთვის საჭირო ინვენტარი და ელექტრო ტექნიკა შეიძინა; თამაზ დადიანმა საოჯახო მეცხოველეობის მეურნეობა გააძლიერა და წარმატებით აწარმოებს რძის პროდუქტებს; დემურ დეკანაძემ ავეჯის დასამზადებელი სახელოსნო აამუშავა და სხვ. ამ წარმატებული მაგალითების გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო საგრანტო თანხას ყოველწლიურად გასცემს და, შესაბამისად, უფრო მეტ ყოფილ პატიმარს ეძლევა შესაძლებლობა, წამოიწყოს საკუთარი მცირე ბიზნესი.

ყოფილი პატიმრების დასახმარებლად პირველი სპეციალური სახელმწიფო პროგრამა 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი იმ ყოფილ პატიმრებზე ზრუნვაა, რომლებიც პრობაციის სერვისების მიღმა არიან და სახელმწიფოს მხრიდან რესოციალიზაციის მიზნებისთვის მხარდაჭერას ვერ იღებდნენ. დანაშაულის პრევენციის ცენტრში შექმნილი პროგრამა სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი პატიმრების დახმარების და მათზე ზრუნვის პირველი პრეცედენტი იყო. პროგრამის დიდ წარმატებას ადასტურებს ის, რომ მისი ბენეფიციარების 96%-ს განმეორებითი დანაშაული არ ჩაუდენია.