სიახლეები:

„სიდამ“ ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის პროექტი შეაჯამა

30 ოქტ 2018

ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, ეკონომიკური მხარდაჭერის, დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდამ" იუსტიციის სამინისტროსთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტი შეაჯამა.
ამ პროექტის ფარგლებში, 13 თვის განმავლობაში, 43 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა. ამათგან, უშუალოდ იუსტიციის სამინისტროს გრანტით დაფინანსდა 28 ბენეფიციარი, ხოლო 15-მა ბენეფიციარმა საკუთარი ბიზნესიდეა ევროკავშირისა და „სიდას" თანადაფინანსებით განახორციელა. 43-ვე ყოფილი პატიმარი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბენეფიციარია.
შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორმა თათია ხოჭოლავამ და ,,სიდას" აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნეს. შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბენეფიციარები დაესწრნენ.
შეხვედრაზე განიხილეს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ეკონომიკური გაძლიერებისთვის განხორციელებული აქტივობები, არსებული მიღწევები და გამოწვევები; იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" შედეგები და წარმატებული ისტორიები წარადგინა. ნაჩვენები იყო პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლი.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საგრანტო პროექტი „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა" ჯერ კიდევ 2013 წლიდან ხორციელდება. 2013-2017 წლებში, სულ 108 ყოფილი პატიმრის, მათ შორის, 24 ქალი პატიმრის, 106 ბიზნესიდეა, დაფინანსდა, რისთვისაც უშუალოდ იუსტიციის სამინისტრომ, ჯამში, 474.631 ლარი გამოყო. ამ ხნის განმავლობაში ყოფილმა პატიმრებმა პროექტის ფარგლებში არაერთი წარმატებული იდეა განახორციელეს. წარმატებული მაგალითების გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო საგრანტო თანხას ყოველწლიურად გასცემს და, შესაბამისად, უფრო მეტ ყოფილ პატიმარს ეძლევა შესაძლებლობა, წამოიწყოს საკუთარი მცირე ბიზნესი. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს გრანტის გარდა, ცენტრის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ფონდებისა და არასამთვარობო ორგანიზაციების დაფინანსებაც საკონკურსო წესით მოიპოვონ.  ბოლო წლების განმავლობაში, ამ სერვისით ცენტრის კიდევ 92-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ყოფილი პატიმრების დასახმარებლად პირველი სპეციალური სახელმწიფო პროგრამა 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი იმ ყოფილ პატიმრებზე ზრუნვაა, რომლებიც პრობაციის სერვისების მიღმა არიან და სახელმწიფოს მხრიდან რესოციალიზაციის მიზნებისთვის მხარდაჭერას ვერ იღებდნენ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში" შექმნილი პროგრამა სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი პატიმრების დახმარების და მათზე ზრუნვის პირველი პრეცედენტი იყო. პროგრამის დიდ წარმატებას ადასტურებს ის, რომ მისი ბენეფიციარების 96%-ს განმეორებითი დანაშაული არ ჩაუდენია.